ვინ ვართ

ვინ ვართ

საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“ არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც არსებობს 1998 წლიდან. ორგანიზაციის მისია გამოხატულია მის სახელწოდებაში – “ბემონი” სულხან-საბას “სიტყვის კონაში” განმარტებულია, როგორც უმაღლესი ხარისხი. ორგანიზაცია მოწოდებულია, უმაღლესი ხარისხის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო და სამკურნალო სამსახურებით ხელი შეუწყოს ჯანსაღი და თავისუფალი საზოგადოების განვითარებას. საზოგადოებრივ გაერთიანება ბემონს გააჩნია ყველა შესაძლებლობა და რესურსები იმისათვის, რომ იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ ინფექციის პრევენციის სფეროში. ორგანიზაციაში მუშაობს 15 მაღალკვალიფიციური თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი.

საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი მუშაობს ახალგაზრდობასთან, სკოლების პედაგოგებთან, მშობლებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან ნარკოტიკების მოხმარების/აივ/შიდსის პრევენციის დასანერგად და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად; ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის აივ/შიდსის და სგგის გავრცელების პრევენციისათვის შექმნილია სპეციფიკური სამსახური ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით; საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი მუშაობს საზოგადოების მობილიზაციაზე ნარკომანიასა და აივ/შიდსთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად; ტექნიკურ დახმარებას უწევს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სათემო ჯგუფებს და მედიის წარმომადგენლებს. ორგანიზაცია ატარებს ტრენინგებს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სერვისის მიმწოდებლებისათვის, თემის წარმომადგენლებისათვის და განმანათლებლებისათვის. ბემონი მონაწილეობს პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავებაში და თანამშრომლობს როგორც საზოგადოებრივ, ისე სამთავრობო სტრუქტურებთან ნაკომანიის პრობლემების მოგვარების ეფექტური გზების შესამუშავებლად. ჩვენი ინიციატივები და პროგრამები ეფუძნება საკუთარი კვლევების მონაცემებს.

ამჟამად ბემონში მუშაობს 4 ცენტრი: ნარკომანიის პრევენციისა და კონსულტირების ცენტრი, ტრენინგისა და ინფორმაციის ცენტრი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აივ/შიდსის ექსპერტ-ცენტრი და ნარკომანიისა და აივ/შიდსის პრევენციის რესურს-ცენტრი თელავში.

რას ვაკეთებთ

საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი მუშაობს რამდენიმე მიმართულებით:

1. საქართველოში ნარკომანიის გავრცელების შესამცირებლად პრევენციული ინტერვენციების განხორციელება;

2. ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის პრევენციისა და ზიანის შემცირების პროგრამების შემუშავება და დანერგვა;

3. აივ/შიდსის/სგგის პრევენციის პროგრამების შემუშავება და დანერგვა;

4. ნარკოტიკების მოხმარებასთან და მოხმარების შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულების შეცვლაზე მუშაობა;

5. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა;

6. მედია-კამპანიებისა განხორციელება და ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება.

ორგანიზაციის მუშაობის პერიოდში სხვადასხვა ტიპის სატელეფონო და პირისპირ კონსულტაცია გაეწია 16 000-ზე მეტ ადამიანს. დაახლოებით 2 000 ადამიანი მონაწილეობდა ბემონის მიერ სხვადასხვა თემებზე ჩატარებულ ტრენინგებსა და სემინარებში.

ნარკომანიის პრევენციისა და კონსულტირების ცენტრი

ნარკომანიის პრევენციისა და კონსულტირების ცენტრი შეიქმნა 1999 წელს ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში სახელწოდებით “საქართველოში ნარკომანიის პრევენციის პილოტური მოდელი”.

ცენტრის ამოცანებია:

1. პრევენციული პროგრამების შემუშავება და დანერგვა, რომლების ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებას ინდივიდუალურ, ოჯახურ, ინსტიტუციურ და თემის დონეებზე;

2. იმ ადამიანების დახმარება, ვისაც უშუალო კონტაქტი აქვთ მაღალი რისკის ჯგუფებთან ან პოტენციურ მომხმარებლებთან;

3. რისკის ჯგუფებისა და მათი სოციალური გარემოს, კერძოდ, ახალგაზრდებისა და მათი ოჯახის წევრების კონსულტირება;

4. პრევენციული და ადრეული ინტერვენციული მომსახურება:

  • ინდივიდუალური და ოჯახური კონსულტაცია;
  • ნებაყოფილობითი კონსულტირება და ტესტირება;
  • სატელეფონო კონსულტაცია.

5. ნარკოტიკების მომხმარებელთა ოჯახის წევრების მომსახურება.

ცენტრი საქმიანობს შემდეგ სფეროებში:

  1. ახალგაზრდობისა და მათზე ზეგავლენის მქონე მოზრდილების პრევენციული განათლება;
  2. ნარკოტიკების მომხმარებელთა კონსულტირება და ინფორმირება;
  3. ნარკოტიკების მომხმარებელთა ოჯახის წევრების კონსულტირება და ინფორმირება;
  4. ნარკოტიკების მომხმარებელთა და მათი სქესობრივი პარტნიორების კონსულტირება და ინფორმირება აივ ინფექციის, სგგი-ს, ვირუსული B და C ჰეპატიტების რისკის შემცირების საკითხებზე;

ტრენინგისა და ინფორმაციის ცენტრი

ტრენინგისა და ინფორმაციის ცენტრი შეიქმნა 2005 წელს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული სგგი-ს და აივ/შიდსის პრევენციის პროექტის ფარგლებში. ცენტრის მიზანია ჯანმრთელი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ცენტრი სთავაზობს ტრენინგებს და ინფორმაციას ბავშვებს და ახალგაზრდებს, მათზე ზეგავლენის მქონე მოზრდილებს, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს და მათი ოჯახის წევრებს, მედიცინის მუშაკებს, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს, იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვინც მუშაობს ნარკომანიისა და აივ/შიდსის სფეროში, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლებს.

ამოცანები:

1. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშესაწობად მეთოდოლოგიების მოძიება, ადაპტაცია და შემუშავება (თეორიული ბაზის შექმნა);

2. საინფორმაციო და სასწავლო სერვისების შექმნა (მეთოდების პრაქტიკული გამოყენება)

3. ცენტრის სიცოცხლისუნარიანობაზე ზრუნვა.

ცენტრი ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

1. ეფექტური პრევენციული მეთოდოლოგიების შექმნა ნარკომანიისა და აივ ინფექციის თემებზე;

2. პოტენციური ბენეფიციარებისათვის ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

3. ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აივ/შიდსის ექსპერტ-ცენტრი

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აივ/შიდსის ექსპერტ-ცენტრი შეიქმნა 2005 წელს პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ორგანიზაციასთან ერთად “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”. ცენტრის მიზანია აივ ინფიცირებულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აივ ინფექციის ურთიერთზეგავლენის გათვალისწინებით.

ცენტრის ამოცანებია:

1. აივ ინფიცირებულთათვის და მათი ახლობლებისათვის არსებული სერვისების გაფართოება და გაძლიერება კომპეტენტური ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურის შეთავაზებით, რომელიც გაითვალისწინებს კულტურულ თავისებურებებს;

2. აივ/შიდსის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროებში მომუშავე პროფესიონალების თანამშრომლობის გაძლიერება;

3. ფსიქიკური ჯანმრთელობის მუშაკების მიერ, საჭიროების შემთხვევაში, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აივ/შიდსის სამსახურებში, ისე ნარკომანიის სამკურნალო დაწესებულებებში მიმართვის შესაძლებლობის გაუჯობესება;

4. აივ/შიდსის საკითხებზე საინფორმაციო და საკონსულტაციო მეთოდოლოგიების შემუშავება კულტურული თავისებურებების გათვალიწინებით.

ცენტრის საქმიანობა:

1. სამიზნე ჯგუფების საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენა;

2. თანამშრომლობითი ქსელის შექმნა და გაძლიერება;

3. ტრენინგების ჩატარება ფსიქიკური ჯანმრთელობის, პირველადი ჯანდაცვისა და სხვა სამსახურებისათვის;

4. სერვისების მიმწოდებლებისათვის განახლებული ტრენინგების შეთავაზება და მუდმივი ტექნიკური დახმარება;

5. საინფორმაციო, საკონსულტაციო და რეფერალური მომსახურება.

ცენტრის მულტიდისციპლინარული ჯგუფი შედგება მაღალი პროფესიული გამოცდილების მქონე ექიმებისაგან, ფსიქოლოგებისაგან, მკვლევარებისაგან, რომელთაც აქვთ სპეციალური ცოდნა აივ/შიდსის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროებში.

ნარკომანიისა და აივ/შიდსის პრევენციის რესურს-ცენტრი

ბემონის თელავის ფილიალი

ნარკომანიისა და აივ/შიდსის პრევენციის რესურს-ცენტრი დაარსდა 2010 წლის დასაწყისში, ქ. თელავში, პროექტის „კახეთის რეგიონში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის პოტენციალისა და კოორდინაციის გაძლიერება ნარკომანიისა და აივ/შიდსის პრევენციის მიმართულებით“ ფარგლებში. პროექტი განხორციელდა საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონისა” და აღმოსავლეთ-დასავლეთის შიდსის ფონდის (AFEW, Netherlands) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ცენტრის მისია

ნარკომანიისა და აივ/შიდსის პრევენციის რესურს-ცენტრი ემსახურება ნარკოტიკების მოხმარებასა და აივ/შიდსთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას, სპეციალისტების სწავლებასა და საზოგადოების ინფორმირებას. ცენტრი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ჯანსაღი, სოციალურად აქტიური და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ცენტრის საქმიანობა

ცენტრი აერთიანებს აივ/შიდსისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს, რომელთა ძალისხმევა მიმართულია საზოგადოების ინფორმირებასა და მობილიზაციაზე ნარკომანიასა და აივ/შიდსთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. რესურს-ცენტრი ტექნიკურ დახმარებას უწევს ადგილობრივ არასამთავრობო და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სათემო ჯგუფებს და მედიის წარმომადგენლებს. ამავე დროს, ცენტრის ფუნქციებში შედის ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის რეგიონული სათათბიროს შექმნა, მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება, ნაბეჭდი საინფორმაციო მასალების შექმნა და გავრცელება.

ცენტრში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, ხორციელდება კვლევები, ტარდება ტრენინგები სხვადასხვა სერვისის მიმწოდებლებისათვის, თემის წარმომადგენლებისათვის.

თელავის რესურს-ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ნარკომანიისა და აივ/შიდსის სფეროში მომუშავე ადგილობრივ და რეგიონულ არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან, რეგიონულ მედიასთან და სხვა ორგანიზაციებთან.

ცენტრი ფუნქციონირებს საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონის” თელავის რეგიონული ფილიალის ბაზაზე.

კლინიკა ბემონი

კლინიკა ბემონი არის კერძო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ადიქტიური ქცევებისა და დაავადებების პრევენციას და მკურნალობას. კლინიკა მუშაობს 1993 წლიდან და ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებს უწევს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, როგორც სტაციონარულად, ისე ამბულატორიულად. მკურნალობისა და ადრეული რეაბილიტაციის პროგრამა გულისხმობს გამოკვლევას, კონსულტირებას, დეტოქსიკაციას, ინდივიდუალურ და ოჯახურ ფსიქოთერაპიას, რეციდივის პრევენციას, ხანგრძლივ მზრუნველობას და ინფორმირებას დაავადებაზე და გამოჯანმრთელებაზე.

ვინაიდან არ არსებობს მკურნალობის ერთი, უნივერსალური მეთოდი, კლინიკა, კლინიკური და მიკროსოციალური ფაქტორების გათვალისწინებით, იყენებს სხვადასხვა მიდგომემებს, აფასებს მკურნალობის ეფექტურობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, მუდმივად აუმჯობესებს მკურნალობის მეთოდებს.

კლინიკაში მუშაობენ ნარკოლოგიის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ექიმები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და მედდები.

ყოველწლიურად კლინიკა, საშუალოდ, 400 ადამიანს უწევს სამკურნალო და საკონსულტაციო მომსახურებას.